პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დაავალა, ჩავიდნენ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრონ. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
“მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა. კითხვები ბუნებრივია არსებობს და ყველას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. მე ვფიქრობ, აუცილებელია, ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ მე მინდა ვთხოვო თურნავას და ასევე ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩადით ადგილზე, ხვალ, მაგალითად და დაიწყეთ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი.
ასევე, მინდა ვთხოვო მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. შეგვიძლია, მოვიწვიოთ ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირები და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი”,– ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე განცხადებით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ოქროს შუალედი უნდა იპოვონ.
“კარგად მოგვეხსენება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად. წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტოენერგია, პროგნოზები რომელიც არსებობს, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც არ ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, სწორედ ამის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან”,– აღნიშნა პრემიერმა.