“უნდა ვაღიარო, დიდი მოლოდინი თქვენი პასუხით სარწმუნო ინფორმაციის მიღების არ მქონდა, მაგრამ ამდენ ტყუილსაც არ ველოდი, ბატონო ვახტანგ. ეს, ფაქტობრივად, მინისტრის ცრუ ჩვენებაა, რომელზეც თქვენ მოგიწევთ აუცილებლად დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საუბარი.
ტყუილია, რომ უფრო სწრაფად სამაშველო ჯგუფის მისვლა ადგილზე შეუძლებელი იყო, მაშინ, როდესაც 57 კილომეტრშია ამბროლაურის აეროპორტი, სადაც უნდა ყოფილიყო სამაშველო ფუნქციით აღჭურვილი ვერტმფრენი. თავად განმარტავთ, რომ მეორე ჯგუფს ამბროლაურიდან შემოვლითი გზით სიარული მოუწია, იმიტომ რომ ხიდი უკვე წაღებული იყო ღვარცოფული პროცესების გამო და რატომ არ ჩართეთ იმ მომენტში მაინც თავდაცვის ძალები, როდესაც დაინახეთ, რამხელა მასშტაბის კატასტროფას ჰქონდა ადგილი.
თავდაცვის ძალები არ ჩართეთ არც 3-ში, არც 4-ში, არამედ 5-ში და სწორედ 5-ში დაამონტაჟეთ ის დროებითი ხიდი, რომელიც ახლაც არის ადგილზე. ტყუილია, რომ ვერტმფრენის ადგილზე ჩასვლა 3 საათზე ადრე არ იყო შესაძლებელი. ქუთაისის ვერტმფრენი, ეჭვი მაქვს, საერთოდ მწყობრში არ იყო და ამიტომ ვერ ააფრინეთ, თავს კი ცუდი ამინდით იმართლებთ, ამით იხსნება მათ შორის ისიც, რომ შემდეგ დღეებშიც არ ჩაერთო ეს ვერტმფრენი. თბილისიდან ერთი ვერტმფრენი ორი საათის, მეორე კი უფრო დიდი დაგვიანებით ჩავიდა. ტყუილია, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები. […]
წარმოუდგენელია, რომ შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულია 32 ადამიანი, თქვენ კი წარმატებულად აფასებთ. ეს მართლაც წარმოუდგენელია და ნამდვილად არ მეგონა, რომ ამას მოვისმენდი დღეს კიდევ ერთხელ თქვენგან, რომ წარმატებულად აფასებთ ამ ოპერაციას, კვლავ ვერ ხედავთ საჭიროებას, რომ მეზობელი სახელმწიფოები ჩაგვერთო და კიდევ იმეორებთ, რომ წარმატებულად ჩაიარა ამ ოპერაციამ, ეს ნამდვილად ტყუილზე მეტია, ბატონო ვახტანგ. ეს დანაშაულია”,
ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაბარებულ ვახტანგ გომელაურს.