ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავეს.
უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან Associtated Press-ის, Reuters-ის, BBC-ის, რადიო თავისუფლების, ТАСС-ისა და РИА-ს ჟურნალისტები.
თვითმხილველების თქმით, ისინი ფურგონებით იზოლატორში გადაიყვანეს და პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს.
ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები ევროკავშირს და ცალკეულ სახელმწიფოებს არ უღიარებიათ.
მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.