ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრებს იხსენებს და ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მასზე ფიზიკურად იძალადეს და პალატაში ისე აიყვანეს.
“როდესაც მე ვუთხარი, რომ არ გადმოვალ მანქანიდან, ეს მიმაჩნია უკანონობად და ვითხოვ უკან დაბრუნებას მე-12 დაწესებულებაში, რადგან გლდანის დაწესებულება არ აკამყოფილებდა არცერთ მოთხოვნას, გარდა ერთისა, რომ იქ იყვნენ კრიმინალები და მათ შეეძლოთ მორალური ტერორი.
ძალით გადმომათრიეს მანქანიდან. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა და კისერში ჩარტყმა. გამაძრეს ფეხსაცმელი, ზედა ტანსაცმელი, ნაწილი შემომახიეს და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით და გინებით, დამაგდეს პალატაში, სადაც პირველი მცდელობა იყო, რომ ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ანალიზები, რაზეც მქონდა შესაბამისი რეაქცია. მე-18 დაწესებულებაში არ იყო პალატა, ეს იყო საკანი, რომელშიც იდგა საწოლი.
გამუდმებით, დღეების განმავლობაში მესმოდა ჩემი გინება, მუქარები და ეს იყო აბსოლუტურად ორგანიზებული ადმინისტრაციის მიერ. საიდან ვიცი? ლომჯარია შემოვიდა მთლიანად შეხვეული, რომ ვერავინ იცნობდა, მე ვერ ვიცანი, ისინი მთელი გზა აგინებდნენ ლომჯარიას, გვარამიას დაემართა იგივე. წინასწარ ადმინისტრაცია ეუბნებოდა, რომ ეს არის გვარმია, ლომჯარია და ახლა უნდა იყვიროთ”,– ამბობს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე.
ექსპრეზიდენტი ამას წამებად და არაადამიანურ მოპყრობად აფასებს.