სააგენტო როიტერის სტატიაში საუბარი იმაზე, რომ ახლა რუსეთის პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ არის. მას მოქმედებების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენება ან რუსეთის მაშტაბით მობილიზაციის გამოცხადება.
პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლას ახდენენ რუსი ნაციონალისტები, რომლებიც პუტინისგან უკრაინასთან ომში ინიციატივის ხელში აღებას მოითხოვენ. თუმცა, პირადად პუტინს აქამდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ხარკოვის ოლქში მისი ჯარის მარცხის შესახებ.
როიტერის მასალაში საუბარია იმაზე, რომ კრემლის ლიდერს რამდენიმე ვარიანტი აქვს საკითხის სწრაფად გადასაწყვეტად, თუმცა ყველა მათგანი შიდა და გეოპოლიტიკურ რისკებთან არის დაკავშირებული
სტაბილიზაცია, გადაჯგუფება და შეტევა
სტატიის მიხედვით რუსი და დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები მიდიან საერთო აზრამდე, რომ მოსკოვის თვალსაზრისით, რუსული შეიარაღებული ძალებისთვის აუცილებელია ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია, უკრაინის წინსვლის შეჩერება, გადაჯგუფება და თუ შეძლებენ, საკუთარი კონტრშეტევის დაწყება. თუმცა, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არ არიან, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარები ახლა ამისათვის საკმარის რესურსებს ფლობენ.
პოლონური კომპანია Rochan Consulting–ის დირექტორი, კონრად მუზიკა ამბოს, რომ რუსეთს “სამუშაო ძალა“ არ ყავს.
“მე ვფიქრობ, რომ რუსეთის საქმე უარესობისკენ მიდის, რადგან სულ უფრო ნაკლებ მამაკაცს მოუნდება ახლა რუსულ არმიას შეუერთდეს. თუ მოსკოვს პირადი შემადგენლობის გაზრდა უნდა, მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს“– ამბობს ის.
მობილიზაცია
ჟურნალისტები წერენ, რომ რუსეთის სამობილიზაციო რეზერვი დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ითვლის, თუმცა კრემლში განაცხადეს, რომ ახლა საერთონაციონალური მობილიზაცია არ განიხილება.
მასალაში ნათქვამია, რომ პუტინის ასეთი ნაბიჯი ნაციონალისტებს შორის პოპულარული იქნებოდა, მაგრამ ნაკლებად პოპულარული საქალაქო ცენტრების მამრობითი სქესის მოსახლეობისთვის, რომლებიც არაოფიციალური მონაცემებით ნაკლებად დაინტერესებულები არიან ომში ჩართვით.
როიტერი წერს, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია პუტინისთვის პოლიტიკურ რისკებთან არის დაკავშირებული, მინიმუმ იმის გამო, რომ ამით მოსკოვს მოუწევს იმის აღიარება, რომ უკრაინასთან ომში საქმე ცუდად მიდის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული ანალიტიკური ცენტრის მეთაურის, ანდრეი კარტუნოვის თქმით, დიდ ქალაქებში ბევრ ადამიანს არ უნდა ომში წასვლა, მობილიზაცია კი არაპოპულარული იქნება.
ზამთრის იმედად
ჟურნალისტები იმასაც წერენ, რომ პუტინს ზამთრის იმედი აქვს – კონკრეტულად იმის, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა და შესაძლო დეფიციტი დაარწმუნებს ევროპას შეთანხმება რუსეთის პირობებით დაიდოს. ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი თვლის, რომ უკრაინის ცოტა ხნის წინანდელმა წარმატებამ ბრძოლის ველზე გააქარწყლა ზოგიერთი ევროპელის სურვილი, კიევს დათმობებისკენ უბიძგოს.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის სარაკეტო დაბომბვა
როიტერი წერს, რომ რუსეთის შეტევამ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე, რომელმაც ბევრი უკრაინელი რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რუსი ნაციონალისტების აღფრთოვანება გამოიწვია. მათ დაიწყეს მოთხოვნა, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები მთელი უკრაინული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსაყვანად გამოიყენოს, თუმცა ეს საერთაშორისო საზოგადოების არაპროგნოზირებად რეაქციას გამოიწვევს.
ხორბლის შეთანხმების დასრულება
სააგენტოს ჟურანლისტები იხსენებენ, როგორ დაიჩივლა პუტინმა ცოტა ხნის წინ, რომ გაეროს და თურქეთის შუამავლობით დადებული შეთანხმება, რომელიც უკრაინას ხორბლის და კვების სხვა პროდუქტების შავი ზღვის გავლით ექსპორტის საშუალებას აძლევს, უსამართლოა უფრო ღარიბი ქვეყნებისა და რუსეთის მიმართ.
ამ კვირას პუტინს მოლაპარაკებები უნდა გაემართა თურქეთის პრეზიდენტთან შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ბიუჯეტს მნიშვნელოვან შემოსავლებს აძლევს.
სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასთან
ჟურნალისტები წერენ, რომ რუსულ პროპაგანდას შეუძლია მოსახლეობაზე ზაპორჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილის დაპყრობა გამარჯვებად “გაყიდოს“, რადგან ამით მოსკოვისთვის ჯერ კიდევ 2014 წელს დაპყრობილი ყირიმის მიმართულებით სახმელეთო კორიდორი გაიხსნა, თუმცა ბოლო დროს უკრაინული მხარე მუდმივად იმეორებს, რომ აპირებს ქვეყნის ტერიტორია 1991 წლის საზღვრებამდე გაათავისუფლოს.
ბირთვული იარაღის გამოყენება
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასობრივი მსხვერპლის გარდა ასეთი ნაბიჯის შემდეგ შეიძლება ესკალაციის “საშიში სპირალი“ დაიწყოს და ფორმალურად ჩართოს დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან პირდაპირ ომში. რუსეთის ბირთვული დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას იმ შემთხვევაში უშვებს, თუ იგივე იარაღის რუსეთის მიმართ გამოყენების საფრთხეა, ან რუსეთის სახელმწიფოს რეალური საფრთხე ემუქრება ჩვეულებრივი შეიარაღებისგან.
რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ენტონი ბრენტონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუ საქმეები ომში ძალიან ცუდად წაუვა– წერს როიტერი.