მიტროპოლიტი დანიელი თვლის, რომ საქართველო კორონავირუსისგან ეკლესიის სარწმუნოებრივმა ძალამ გადაარჩინა

მიტროპოლიტი დანიელი თვლის, რომ საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას სასწაულმა და სარწმუნოების ძალამ გადაარჩინა. სასულიერო პირი სტუმრად იყო ტელეიმედის გადაცემაში, სადაც მას წამყვანმა დაუსვა კითხვა “კორონავირუსის ფონზე ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევის შესახებ.“  მან მაგალითად იმ ადამიანების კრიტიკა და გამონათქვამები მოიყვანა, რომლებიც შიშობდნენ, რომ აღდგომის დღესასწაულზე მრევლის მასობრივი თავშეყრა და საერთო კოვზით ზიარება კორონავირუსის მაშტაბურ გავრცელებას გამოიწვევდა. მიტროპოლიტი დანიელი ამბობს, რომ ადამიანებს, ვინც ეკლესიას უტევდა, უნდა შეინანონ:

“როგორ მოხდა, რომ უდიდეს ქვეყნებში გავრცელდა  ასეთი სისწრაფით სნეულება, ანუ ეპიდემია და როგორ გადაურჩა ამას საქართველო. ეს მე ვფიქრობ, რომ ლოგიკის მიღმა არის, ანუ მიწიერი ლოგიკის მიღმა. არსებობს მიწიერი ლოგიკა და არსებობს ზებუნებრივი ლოგიკა. ზებუნებრივი ლოგიკა არის ღვთაებრივი ლოგიკა. ის ადამიანები, ვინც ამ შეფასებებს აკეთებდნენ, მიუხედავად მიისა, რომ მათ შორის შეიძლება მორწმუნე ადამიანებიც იყვნენ ძალია დასცილდნენ ამ ზებუნებრივ ლოგიკას. ხშირად ვნახავთ ადამიანებს, ვისაც შეიძლება საღვთისმეტყველო განათლებაც ქონდეთ, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც საერთოდ აპოკალიფსური ეპოქა ქვია ამას, არის ასეთი წინასწარმეტყველება ბიბლიაში, რომ ადამიანებში რწმენა ძალიან შესუსტდება და თუ რწმენა შესუსტება, ძალიან ძნელია შენ გაიგო ის ლოგიკა, რომელიც არის ღვთაებრივი, ზეადამიანური, არა კაცობრივი. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე აფასებდნენ და ასეთი შეხედულება ქონდათ, მათ მართლა ეშინოდათ. მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რ ომ ეს ეკლესიის სფეროს არ ეხება, მაგრამ რა არის ჩემი აზრით მათი ნაკლი: შენ შეიძლება რწმენა არ გქონდეს, მაგრამ სხვისი რწმენის მიმართ გამოთქვა უპატივცემულობა და ცილი დასწამო მორმუნე ადამიანს, სასულიერო პირს, მითუმეტეს ისეთ სასულიერო პირს, რომელმაც მთელი ცხოვრება ჯვარცმული გზით იარა და ამდენი სიკეთე გააკეთა. ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორი სამოქალაქო ომი, ორი სამამულო ომი, ათასი სირთულეები, დაძაბულობა და რომ არა ეს ადამიანი, რომ არა მისი საოცარი ლოცვის ძალა, სიკეთის მაგალითი ძალიან ძნელი იქნებოდა ამ ყველაფრის გავლა .

ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ჩემთვის მიუღებელია, ეს საფრთხის შემცველია, დიდი რისკია, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო, თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც თავის თავზე ფიქრობს, ეს უბრალოდ გადის ყველა საზღვრებიდან,არავითარი მსოფლმხედველობა არ არის ეს, და  ეს ადამიანები რასაკვირველია ძალიან დიდ დანაშაულს ჩადიან, დავანებოთ სარწმუნეობას თავი, წმინდა საერო თვალსაზრისითაც, ბოლოს და ბოლოს  ეს ლიბერალური დემოკრატია შემწყნარებლობას სხვისი აზრის პატივისცემაზე მეტყველებს

ის, რომ გაცრუვდა მათი იმედები ეს ფაქტია, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რა არის ის, როგორ მოხდა მართლა, რომ  იმედები გაუცრუვდათ.

ეკლესია ამას არაერთხელ აცხადებს, დიდ მადლობას გამოთქვამს ჯანდაცვის სამსახურის მიმართ, ჩვენი ექიმების მიმართ, დაცვის სამსახურის მიმართ და საერთოდ ჩვენი ხელისუფელბის მიმართ. მე ვიტყოდი, რომ თუ ვინმემ სადმე რომელიმე ქვეყანაში  იშრომა და თავდადებით იშრომა,  მათ ეს გააკეთეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ მიუხედავად ამ თავდადებისა, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ეს მართლა სასწაულია.

ეს მართლა წარმოუდგენელია, რომ ვირუსის ასეთი გავრცელების დროს, სხვა დიდ ქვეყნებში, ცნობილ ქვეყნებში ,ასეთი სისწრაფით… ასი ათასზე მეტი ადამიანი იყო ტაძრებში აღდგომის ღამეს და ეზიარა, და ერთი კოვზით ეზიარა. ახლა ლაპარაკია დისტანციაზე, და ერთი კოვზით ეზიარა.  ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სარწმუნოების ძალაზე და კიდევ ერთხელ მეტყველებს რაზე: თუ ჩვენ გვესმის სარწმუნოების ძალა, სხვა ეკლესიებში რა მოხდა? იქ ხომ დაიკეტა ყველა ეკლესია, არსად არ შეუშვეს მრევლი. ეს მეტყველებს საქართველოს ეკლესიის სარწმუნოებრივ ძალაზე და უშუალოდ პატრიარქის ძალაზე, რომელმაც დაუბრუნა ჩვენს ერს ყველა ის ძალიან დიდი ტრადიცია რწმენისა, რომელიც ბოლო საუკუნეებში დაკარგული გვქონდა. ეს არის ფაქტი იმისა, რომ დღეს მსოფლიო უყურებს, განსაკუთრებით რელიგიური სამყარო,  პატრიარქს, როგორც ადამიანს, რომელმაც სასწაული მოახდინა და რეალურად აჩვენა ყველას მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჭეშმარიტი რწმენის მქონე პიროვნებამ და ამ შემთხვევაში სამღვდელოებამ და მრევლმა, ღვთის დახმარებით შეინარჩუნოს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა და ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვუპასუხო ამ ადამიანებს, რომ თუ მათში ეს რწმენას არ განამტკიცებს,შეეცადონ  შეინანონ ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ეკლესიას, სამღვდელოებას და განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს.“– აცხადებს მიტროპოლიტი დანიელი.