“არსებობს ლოკალური ამოცანები, რაოდენ დიდი მასშტაბის არ უნდა იყოს მიზანი) და გენერალური ამოცანები, ზოგჯერ, ერთი შეხედვით, ემოციური აღქმით და პირველი შთაბეჭდილებით, უფრო მცირეც კი, ვიდრე პირველი.

ნაციონალურ მოძრაობას და მის მხარდამჭერებს აქვთ დიდმასშტაბიანი ლოკალური ამოცანა, გაათავისუფლონ სააკაშვილი და ბუკვალურად გადაარჩინონ სიკვდილს. და ამით, სხვათა შორის, დიდი წვლილი შეიტანონ გლობალური ამოცანის გადაწყვეტაში (რუსეთი, პრორუსული მთავრობა, ქვეყნის კრიზისი ყველა მიმართულებით).

ჩამოთვლილი გლობალური ამოცანები აქვთ სხვებსაც, და, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, უფრო მისაღები და ეფექტიანი მეთოდები. ამოცანები გავიგე, მეთოდები რა არის – მე კი არა, თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ.
მოდით, კონტრასტისთვის ავიღოთ “ლელო”. ანაკლიის თემაზე 500 კაცი მაინც გამოსულა საპროტესტოდ? საერთოდ, ეს თემა გაცდენია მედიას, გინდა ინტერესის და გინდა მხარდაჭერის კუთხით? არადა ლოკალური ინტერესის თემაა უზარმაზარი გლობალური პროექციით. არგუმენტი – ხალხს არ დაუძახეს და იმიტომ, რადგან მათი მოქმედების მოდუსი სხვაა – არ მიიღება. ხალხის გამოსვლა თუ არსენალში არ გაქვს, პარტია კი არა, თანამოაზრეთა კლუბი ხარ, თან ვიწრო.
პარალელურად, ლელო წარმატებული აღმოჩნდა დიპლომატებთან ურთიერთობაში. მათ შორის, ანაკლიის პრობლემის მათთვის სწორად და დიდი ინტენსიობით მიტანაში და ცენტრებში ინფორმაციის წაღებაში. კი, მნიშვნელოვანი ფორმატია და უკიდურესად საჭირო და სასარგებლო. მაგრამ, მოდით ვიკითხოთ, რა შეიცვალა ამით საკუთრივ ლელოსთვის? მაქსიმუმ ის, რომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ წაიღო თავის მესიჯად და დაამატა ქოცების პრორუსულობას კიდევ ერთი მაგალითი. ჩავთვალოთ, რომ ენმს ამან 1% მოუმატა. მაგრამ რა მოუტანა თავად ლელოს? – 0.

ახლა კონტრასტისთვის ავიღოთ პროცედურული დემოკრატიის მიმდევარი რამდენიმე პოლიტიკური პარტია თუ ცალკეული აქტორი (ისეთი დაბალი პოპულარობისაა ეს პოლიტიკური მიმდინარეობა, უკვე პარტიები კი არა, აქტორები უფრო შემორჩნენ). რა იქნებოდა და არის კიდეც მათი პოზიცია? პარლამენტში წამების შემსწავლელი კომისია ან კიდევ რამე სხვა სათაურის, ოღონდ პარლამენტში და ოღონდ კომისია. ამ ვითარებაში, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რაზეც კი პასუხისმგებლობა აიღო. მიშელის დოკუმნეტს ვგულისხმობ, რომელიც დასაკნინებელი იმიტომ კი არ გახდა, რომ ნაცებმა ხელი არ მოაწერეს, არამედ იმიტომ, რომ ვინც მოაწერ (ქოცებმა), ყველაფერი ვერ კი არა, მიზანმიმართულად და დეკლარირებულად არ/საწინააღმდეგოდ შეასრულა. და გვინდა და თუ არ გვინდა ეს, ძალიან დააზიანა სხვა ხელმომწერები. თუმცა ბევრად აქტიურები და სწორად სკეპტიკურებიც გახადა.

დავუბრუნდეთ წამების კომისიის შექმნას. არსებული და ქოცების მიერ მიზანმიმართულად შექმნილი საპარლამენტო აბსურდის ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი აბსურდი მხოლოდ ამგვარი კომისიის ოცნების პარლამენტის დღის წესრიგში შეტანაა. სად გაგონილა იქმნდებოდეს წამების შემსწავლელი კომისია, პროცედურების გათვალისწინებით მინიმუმ 2 თვიანი მუშაობის პერსპექტივით, ოღონდ მიმდინარე წამების კონტექსტში? დასრულებული და წარსულში დარჩენილის კი არა – მიმდინარესი?! სააკაშვილის წამების პროლონგაციის კომისია დავარქვათ პირდაპირ. არ შეიძლება ოპოზიცია უფრო კომიკურად გამოჩნდეს დაუფიქრებელი ტექსტებით, ვიდრე ხელისუფლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ტერორისტად – გააზრებული ანტისახელმწიფოებრი გადაწყვეტილებებით.

რომ არ გამოგვრჩეს, რა მიიღო ამ ორმა ჯგუფმა, მაგალითად მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით. არაფერი. უცხოელების მოკლევადიანი სიმპათია და რამდენიმე ვიზიტი. რა მიიღო ნაცმომ? ჯერ კიდევ ამ დოკუმენტის არშესრულების გარიჟრაზზე, დამატებითი მომხრეები პრინციპულობისთვის. მერე ხელი მოაწერეს და ისევ საერთაშორისო ფოკუსი დაიბრუნეს, ბევრი კირიტიკის მერე, ბევრი მოწონება საერთაშორისო აქტორებისგან და მალე ამ ფლანგის ლიდერებიც გახდნენ. სიმეტრიულად, ყველაფერი ეს ეგრევე შესუსტდა ყველა სხვა ხელმომწერის მიმართ. ბუნებრივია, ნაცმოს უკან ასიათასები დგას და სხვების უკან – ათი ათასები (საუკეთესო შემთხვევაში).

და აი, უკვე ახლა, როცა არა თუ არაფერი შესრულდა, პირიქით, საწინააღმდეგოდ შესრულდა. როცა ყველამ ერთად უკანასკნელი პოლიტიკური ხავსი, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა გამოიგონა და ისიც კი წყალმა წაიღო (ჯერ მხოლოდ ხავსი, პარადოქსულად, მაგრამ ხავს ჩაჭიდებულებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი), ისევ დაზიანდნენ პირველმომწერნი. ნაცებს რამდენჯერაც არ უნდა ქონდეთ ხელი მოწერილი, სუსტის, მოტყუებულის და გადაგდებულის იმიჯი მაინც სხვა ხელმომწერების პოლიტიკური სტიგმა გახდა. დიახ, სტიგმა ქართველი ამომრჩევლის თვალში, რომელსაც ძალიან არ უყვარს მოტყუებულები და გადაგდებულები და ძალიან ძნელად ივიწყებს ამას. უცხოელები დამყოლობას და რაციონალურობას აფასებენ, მაგრამ რამდენიმე თვეში ივიწყებენ. აქაც და სხვაგანაც. ასეთია პოლიტიკის და დიპლომატიის ანატომია. აქაც და სხვაგანაც.

შიმშილობის აქციას რომ დავუბრუნდეთ. არის ამ აქციაში სასოწარკვეთის ელემენტები. დიახ, ადამიანი კვდება ციხეში და რა გასაკვირია, რომ ნაწილს რაციონალური მსჯელობის უნარი დაუქვეითდეს. ისე, ზოგჯერ, ემოციური ინტელექტი უფრო ეფექტური და ეფექტიანია, ესეც უნდა გვახსოვდეს. ე.წ. “ემოციურ ინვალიდებს” სამხრეთული ტემპერამენტის საქართველოში არაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანისთვის არ მიუღწევიათ. ეს შიმშილობის აქტი, ენმ-ის სტილისტიკის და პარტიული ტემპერამენტისაა, კი ბატონო. მაგრამ რატომ არაა ლელოს წონასწორობის და პროცედურული დემოკრატიის მომხრეთა რუტინული სისწორის ჩარჩოებში? სრულიად ცივილიზებულია, არავის უშლის ხელს, და, მთავარია, არაფერს, არც ერთ სხვა მიმდინარე პროცესს პირველ რიგში, ე.წ. სამი პრეზიდენტის დიალოგს, მაგალითად). ის აძლიერებს და აახლოვებს წამების მსხვერპლის გათავისუფლებას, ანუ ლოკალურ ამოცანას. თავის მხრივ, ეს გააძლიერებს და მოაახლოვებს გლობალური ამოცანების განხორციელებას.

ამ საკითხს არ ჭირდება სპეკულაციები და დაშვებები. ნათელი და მკაფიო მაგალითი არსებობს – ელენე ხოშტარია, რომელიც ნამდვილად არაა ენმ-ის არათუ წევრი და მომხრე, არამედ არც სრულ პარალელიზმშია ნაცების ფასეულობებთან და მოქმედების მოდუსთან. თუმცა, მან მიიღო უსწორესი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ემოციური ინტელექტით. და რა მიიღო შედეგად? – სააკაშვილის მიმართულებით სერიოზული პოზიტიური ძვრები და, ასევე, საკუთარი ფიგურის პოლიტიკური წონის უკიდურესად დამძიმება და მის მიმართ სიმპატიების მასშტაბის უკიდურესი გაზრდა. აი, როგორ მუშაობს ემოციური რაციონალიზმი – ქართულ პოლიტიკაში წარმატების შეუმცდარი ფორმულა, ქართულ პოლიტიკაში ისტორიულად გამოცდილი წარმატების სწორი რეცეპტი.

და სულ გვახსოვდეს, ენმ ლიდერების და მიმდევრების მარტო კეთილი ნება და ჰუმანიტარული მისია არაა მიშას გადარჩენა და ამისთვის ყველაფრის გაკეთება, ეს მათი პოლიტიკური თვითშენარჩუნების (როგორც პერსონალურ, ასევე პარტიულ ჭრილში) და პიროვნული კეთილსინდისიერების საკითხია. გავითვალისწინოთ ეს და არ ვიმსჯელოთ გვერდიდან, თუ რეალობის სწორი აღქმა და დანახვა გვინდა. შევეცადოთ, შევიგრძნოთ პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რომელიც ლიდერებს (განსაკუთრებით მელიას) აწევს და ის ემოციური სიმძიმე, რომელსაც მიშას ყოველი გულშემატკივარი დაატარებს უკვე რამდენი ხანია. შევიგრძნოთ, და იქნებ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს”

წერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მასობრივ საპროტესტო შიმშილობაზე, რომელიც გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაცხადა.