მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი, ვიდრე გიორგი ვაშაძეს – ოქრუაშვილი

საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე გიორგი ვაშაძეს.

ოქრუაშვილის შეფასებით, პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატების დასახელება ამომრჩევლის მობილიზაციას ემსახურება.

„ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს თავისი სტრატეგია და განაცხადი, რომ მე ვიქნები პრემიერი და ძირითად შემთხვევაში ეს ემსახურება ერთ რამეს – ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების მიზნით გაკეთებული განცხადება, რომლის იქით რეალური შედეგები არ დადგება, სანამ არ გათენდება პირველი ნოემბრის დღე. მანამდე რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მე ვიქნები პრემიერი, უადგილო იქნება ამ თემაზე საუბარი.

ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“ სრული მორალური და სხვა ტიპის უფლება გააჩნია, რომ ვინც უნდა, ის დაასახელოს პრემიერობის კანდიდატად, მაგრამ წინასწარ იმის ძახილი, რომ პრემიერი იქნება ეს – ასევე უადგილო და არარეალურია”,- თქვა ოქრუაშვილმა პალოტრანიუსის ეთერში.

მანცე აღნიშნა, რომ სააკაშვილის პრემიერობა იურიდიული საკითხების გამო გარკვეულ ეტაპამდე შეუძლეველია.

“ვაშაძეს ისეთი იმპერატიული განცხადებები ჰქონდა, მეგონა ინგლისურ იუმორში გადავიდა – მე ვიქნები პრემიერი არარეალურია. რეალურად რომ შევხედოთ, მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი ვიდრე ვაშაძეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის პრემიერობა იურიდიული ნიუანსების გათვალისწინებით არის შეუძლებელი გარკვეულ ეტაპამდე – მას მოქალაქეობა არ გააჩნია და მთავრობის ფორმირება უცხო ქვეყნის მოქალაქის მეთაურობით ვერ მოხდება და ეს არის იურიდიულად გამორიცხული“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, დაუჭერს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პასუხებს გასცემს „ნაციონალური მოძრაობა“ მის მიერ დასმულ კითხვებს.

ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ და “ძალა ერთობაშიამ” გუშინ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.