”მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით, შეცდა”- ასე ეხმაურება ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეა გააკრიტიკა. ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პლებისციტის იდეა ლელოს ფორმატში(მანდატიანი პარტიები) საფუძვლიანად განიხილებოდა. რესპუბლიკელები უფრო ზომიერ სკეპტიკოსთა ფრთას მივეკუთვნებოდით, როგორც არაერთი სხვა ჯგუფი.
ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია პლებისციტს ენმ-მ მისცა – პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. როგორც მახსოვს, ინიციატორი მანდატების რაოდენობით და ხმებით მეორე საარჩევნო სუბიექტი – ევროპული საქართველო იყო.
პარტიები შევთანხმდით, რომ ჩვენი ერთობა ურთიერთკომპრომისებს მოითხოვდა და მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის სახელით დაიდო ერთიანი დოკუმენტი, სადაც ეწერა პლებისციტი 2021 წელს.
მშვენივრად ვიცოდით, რომ პლებისციტის მოგების შანსი ოპოზიციას შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად თუ ექნებოდა, რადგან მანამდე პლებისციტის არც დანიშვნა ჩავთვალეთ მაღალალბათურად და, რაც უფრო არსებითია, ცალკე პლებისციტში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი არ მიიღებდა მონაწილეობას.
ოფიციალურად დაახლოებით სამმილიონახევარი ამომრჩეველია. ცხადია, 1.8 მილიონი ამომრჩეველი ოპოზიციას არ ჰყავს და პლებისციტში უმრავლესობას ვერ დავაფიქსირებდით. მეტიც, ოპოზიციის მომხრე მილიონი ამომრჩეველი არჩევნების გარეშე დანიშნულ პლებისციტზე(ვთქვათ, გაზაფხულზე) არ მოვიდოდა.
შესაბამისად, არა მარტო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, არამედ ბოლო არჩევნებში მონაწილეთა( 2 მილიონი) ნახევარზე მეტი ხმაც ვერ იქნებოდა ვადამდელ არჩევნების სასარგებლოდ საერთონაციონალური არჩევნების გარეშე ჩატარებული პლებისციტის პირობებში. ძალიან რომ გაჭირვებოდა ხელისუფლებას და იძულებული გამხდარიყო, დაენიშნა პლებისციტი,
იგი მაინც უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მოგეხსენებათ, პლებისციტი სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებაა და ხელისუფლება მყარი არგუმენტით ჩათვლიდა, რომ ამომრჩეველთა მხრიდან რეკომენდირებული არაა ვადამდელი არჩევნები.
ამასთანავე, ხელისუფლებას არ აწყობს არაპირდაპირ აღიაროს, რომ არჩევნების შედეგი საეჭვოა. არც მოითხოვდა მისგან დასავლეთი სასწრაფოდ ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამიტომ ხელისუფლება 2021-ში არც კი უშვებდა საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას.
2022 წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც განიხილებოდა მანდატიანი პარტიების ლელოს დახურულ ფორმატში. კუბილიუსის საჯარო შემოთავაზებას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად გამოეხმაურა ლელო, რესპუბლიკური პარტია…სადისკუსიო საკითხი გახდა სხვადასხვა პარტიასა და საზოგადოებაში.
ასეთია საკითხის ისტორია.
ახლა პლებისციტის უკან წაღების ინიციატივა ოპოზიციას მკვეთრად დააზარალებს. მით უმეტეს, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ენმ-ს, რომელმაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია მისცა ამ საერთოოპოზიციურ ინიციატივას.
პოლიტპატიმრების -ნიკა მელიას, გიორგი რურუას და საციხოდ გამზადებული ბევრი სხვა ადამიანის დახსნა დასავლეთის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. და სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უპრეცედენტო წარმატებული სტარტი გასაძლიერებელია და არა უნებურად ჩასაწიხლი.
ვადამდელი არჩევნების პოტენციური თარიღი 2022 წელია. პლებისციტის გარეშე თუ არ თანხმდება ამას ხელისუფლება, უნდა ვეცადოთ, მოვიგოთ პლებისციტი. მოგება კი მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებთან ერთადაა შესაძლებელი.
ან რა რთული მისახვედრია, რომ ხელისუფლება თუ იტყვის უარს” პოტენციური ვადამდელისთვის” პლებისციტზე და არც რაიმე სხვა ფორმით დაეთანხმება ვადამდელ არჩევნებს, სწორედ ის გამტყუნდება ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების თვალში.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საკუთარ წინადადებაზე უარის თქმა დააზარალებს საერთო საქმეს, ოპოზიციას და საკუთრივ ენმ-ს.
გადაწყვეტილებას პარტიაში იღებს პარტიის ოფიციალური ხელმძღვანელობა. მაქვს ამის მოლოდინი, იმედიც და ვგულშემატკივრობ ნიკა მელიას. ასევე, სრულიად განსაკუთრებულია საერთაშორისო ასპარეზზე საერთოოპოზიციური მთავარი საჯარო ფიგურის – სალომე სამადაშვილის ძალისხმევაც.
მიშაც ცდება ხანდახან. რაკი ენმ- ს პოლიტსაბჭოზე მხარი დაუჭირა პლებისციტს, ახლა პლებისციტზე ასეთი დარტყმით იგი შეცდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და ამის თქმა აუცილებელია. ამით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არაფერი დააკლდება და ენმ, ოპოზიცია მთლიანად და ქართული საზოგადოება მოიგებს.
დასავლეთი -ხელისუფლება -ოპოზიცია ამ ტრიადაში ის ორი იგებს, რომლებიც ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან. პოსტსაბჭოთა საქართველოს მთელი პოლიტიკური ისტორია ამას ადასტურებს!”, – წერს ბერძენიშვილი.