“მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი”- „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაძლო რეფორმირების შედეგად სისტემა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ თუ სისტემა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე არ გასწორდება, საარჩევნო რეფორმა მიზანს ვერ მიაღწევს.
„დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ექნება ფართო მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ეს წერია და ამის რევიზია ვერ მოხდება.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, კრიტიკული საკითხია, როგორც მოხდება საუბნო და საოლქო კომისიების წევრების შერჩევა, რადგან ცესკოში სისტემა შეიძლება გახდეს უკეთესი, მაგრამ თუ სისტემა ვერ გასწორდა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, მათ შორის უბნის და ოლქის დონეზე, ეს რეფორმა მიზანს ვერ მიაღწევს. ჩვენ პრინციპულად გვინდა, რომ რეალური ცვლილებები მოხდეს არა მხოლოდ ცესკოს, არამედ ოლქის და უბნის დონეზე. ესაა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომელიც ამ რეფორმის წარმატებას ან წარუმატებლობას გადაწყვეტს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.