მიშელის შეთანხმება თავისი მნიშვნელობით, შესაძლოა, აჭარბებს ასოცირების შეთანხმებას – უსუფაშვილი

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა შარლ მიშელის დოკუმენტი და მასთან დაკავშირებული პროცესი თავისი მნიშვნელობით აჭარბებდეს ასოცირების ხელშეკრულებას.

“6-თვიანი პროცესის გარკვეულ ეტაპთან გვაქვს ახლა საქმე. ჩვენი ღრმა რწმენით ამ ეტაპიდან პოლიტიკურად მივიღეთ პრაქტიკუალად მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეიძლებოდა შარლ მიშელის დოკუმენტად წოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც არ არის მხოლოდ ტექსტი.

მე არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ ეს შეთანხმება და მასთან დაკავშირებული პროცესი ევროკავშირთან და მის უმაღლეს თანამდებობის პირებთან ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტაქტი საქართველოს მხრიდან, ეს თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება და შესაძლოა, მოცემულ ეტაპზე აჭარბებს კიდეც ასოცირების შეთანხმებას. რომლის იმპლემენტაცია და რომლის პოლიტიკურად გამოყენება ჩვენ, შიდაპრობლემებში ჩაფლულებმა ბოლო წლებში ვერ მოვახერხეთ”,- თქვა უსუფაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა არის შანსი, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაამსგავსონ და შიდა პრობლემები მოაგვარონ.