მიწების დატაცება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება – კალაძის ინიციატივა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომ მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს.

„სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცებისა და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსების კუთხით არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და სერიოზული პრობლემები გააჩნიათ.

ჩვენ ამ ადამიანებისთვის ხელი არ გვიკვრია, პირიქით, ვეხმარებით. ასევე, არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა – ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, 15 დეკემბრის შემდეგ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობებს ანგრევს, რამაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია.