ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვაში, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში.
“გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს, საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.
აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 283 ძირი მცენარე კანაფი და 3 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.














