მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას – ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ “ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და მითუმეტეს, ექიმები, ყველა ეტაპზე პანდემიას ადეკვატურად და ეფექტიანად მართავდნენ”.

“რაც შეეხება, იყო თუ არა შეცდომები, უშეცდომო პროცესი არ არსებობს, არც ქვეყანა, არც სტრუქტურა, არც მთავრობა არ არსებობს, რომ რაღაც შეცდომები არ დაეშვა. ალბათ, ასეთი იყო. მაგრამ იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები”, – განაცხადა ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მან უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, მოუწოდა, “საკუთარ ქვეყნებს მიხედონ”.

“ის რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მე ძალიან ხშირად მიხდება პოლემიკა ამ უცხოეთში მცხოვრებ ექიმებთან და ჯერ პირად პოლემიკაში ვერავინ ვერ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე სერიოზული შეცდომა, ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. რაღაცას… ზოგადად ფრაზებს ამბობენ, მაგრამ როდესაც ვაძლევ განმარტებებს, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს კოვიდის კლინიკურ მართვაში ვერ ამბობენ.

მე მათთვის მომყავს მაგალითი. მიხედეთ ყველამ თქვენ ქვეყანას. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში – ყველაფრით: სიკვდილობის პროცენტით, რაოდენობით, იქ ეს მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია იქ, რომელიც საერთოდ ვერ აღწევს კლინიკამდე, ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებს”,– თქვა თენგიზ ცერცვაძემ.