დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მის პროცესზე დასწრებას ითხოვს. თოდუას თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუკი, დღევანდელ სასამართლო პროცესზეც არ მოხდება კალანდიას ბადრაგირება, ის შიმშილობას დაიწყებს.
„სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მიერ იგნორირებულია მიხეილ კალანდიას მოთხოვნები სააპელაციო სხდომაზე ბარდაგირების თაობაზე.კერძოდ, ის ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილად განახორციელოს სამართლიანი სასამართლო უფლება სააპელაციო საჩივარში მისი უშუალო მონაწილეობით. ის, პროტესტის ნიშნად უკვე მე-4 სხდომაა არ მონაწილეობს შეთავაზებულ ონლაინ პროცესში. დღეს, მსჯავრდებულის სააპელაციო სხდომაზე ბარდაგირების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ანუ მისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხევაში, ის აცხადებს უვადო შიმშილობას“, – აცხადებს თოდუა.
ცნობისთვის, 2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა. აღნიშნული საქმის განხილვა უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.