მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

„ეტყობა, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, მას ჰქონდა რაღაც ისეთ ინფორმაციასთან შეხება, რომელმაც ასეთი შედეგი მოუტანა მას…ჯგუფური მკვლელობა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ეს ერთი კაცის გაკეთებული არ არის, დეტალურად საუბარი არ შემიძლია“, – აცხადებს რამიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ჯგუფური მკვლელობის განმახორციელებლად, კრიმინალურ სამყაროს თუ სპეცსამსახურებს, რამიშვილი პასუხობს, რომ სპეცსამსახურებს.

„სპეცსამსახურები… ყველაფერი შესაძლებელია, მაგას უკვე გვანახებს, ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს და ვინ რა ინტერესით იმოქმედებს ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. იდეალური ხომ იცით, არაფერი არ არის, ყოველთვის რაღაც მაინც რჩება, რაღაცები უნივერსალურად შეიძლება, ვერ გათვალო“, – განაცხადა რამიშვილმა.