“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, დავით ბაქრაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატებს ძვირი დაუჯდება.
გუშინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.
“როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.“– თქვა ბაქრაძემ რუსთავი2–ის ეთერში.
მის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.
“ჩემთვის გაუგებარია რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდება მაჟორიტარობის კანდიდატებს “ევროპული საქართველოდან. მაგალითად, მაჟორიტარ კანდიდატებს “ევროპული საქართველოდან”, მაგალითად, თბილისში, სადაც მათ სჭირდებათ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მხარდაჭერა.მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას. ” – ამბობს სალომე სამადაშვილი.