მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნილი კონსილიუმი ზურაბ ფაღავამ დატოვა

კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსოლიუმი დატოვა. ამის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში გადავიტანე კოვიდი. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს, ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ”,– ამბობს ის ფორმულასთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, კონსილიუმმა ერთხმად მიიღო რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

“იუსტიციის მინისტრს შევხვდი მე მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და იმათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში”,- ამბობს ზურაბ ფაღავა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა სამოქალაქო კლინიკაში. გუშინ გლდანის ციხის კლინიკა დაათვალიერეს იუსტიციის მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მათი მტკიცებით, საავადმყოფო სრულად აღჭურვილია.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.