მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების მტკიცებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.

ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ. პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”,– წერია უწყების განცხადებაში.