”მიხეილ სააკაშვილი, შვილისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და აქ ჩამოიყვანეს, რათა მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის” – აცხადებს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.
„სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა „რადიო თავისუფლების“ გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით, საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს შეიძლება, ურჩევნიათ. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, თავისი აღქმები აქვს, პოზიციები და იგი აფიქსირებს ამ ყველაფერს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და აქ ჩამოიყვანეს, რათა მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს არ ემიჯნება, პირიქით, ამბობს, რომ მიხარია, ინტერვიუ მისცა, საკუთარი აზრები გადმოსცა, ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც აქვს კომენტარის გაკეთების უფლებაც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ”რადიო თავისუფლებასთან ”ინტერვიუში განაცხადა, რომ “ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი – აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ… ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ – ვა, რა მაგარი იქნება, ეს მართლა რომ მოხდეს, ახლა რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ დედას ვუტირებთ. მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი, უბრალოდ, თუნდაც, ტელევიზიებში ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი”.