მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ქართული ოცნებისთვის სააკაშვილის წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა სახიფათოა.

“მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ყველასთვის ნათელია – მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 8 წელია დევნილია ქვეყნიდან, მიხეილ სააკაშვილი რჩება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ მოთამაშედ.

მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც იძლევა დღევანდელი შექმნილი ვითარება, როდესაც ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მიიღოს მონაწილეობა ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემისგან განთავისუფლებაში”,– აცხადებს სამადაშვილი.

ენმ წევრი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

“მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება – ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება – არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ძლევს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის გზაზე, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, მათ შორის, უკრაინაშიც”,– თქვა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.

მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.