მიხეილ სააკაშვილს 27 დეკემბერს ახალი დიაგნოზი დაუსვეს – ომბუდსმენის რწმუნებული

სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭველი გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილს 27 დეკემბერს დაუსვეს ახლი დიაგნოზი, რასაც ჯერჯერობით არ გაახმაურებენ.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მათი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა.

„როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად პაციენტი ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი, ამჟამად ის თავს კარგად არ გრძნობს და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ნევროლოგთან, თუმცა მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ დინამიკა დადებითია.

ახალი დიაგნოზთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ექიმებმა შეაფასონ ეს დიაგნოზი. ასევე სამედიცინო მასალები, რომლებთან გაცნობის შესაძლებლობაც დღეს სამწუხაროდ არ მოგვეცა. ამის შემდეგ ჩვენი ექიმები გადაწყვეტენ, იმას თუ რამდენად იძლევა ეს დიაგნოზი იმის შესაძლებლობას, რომ პაციენტი გადაყვანილ იქნას სხვა დაწესებულებაში“, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.