მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, რატომ შეადარა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უპასუხა ალეკო ელისაშვილის კითხვას, რატომ შეადარა ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს.

მინისტრმა კვლავ გაიმეორა, რომ წინა ხელისუფლება “ვაზს ჩეხავდა”, ივანიშვილი კი მას “თვალისჩინივით უფრთხილდებოდა”.

“როდესაც ეს ღონისძიება იყო, სადაც წარმოდგენილი იყო ბატონ ანზორ ერქომაიშვილის წიგნი, იქ საუბარი გვქონდა ქართულ პოლიფონიაზე. ქართული პოლიფონია ჩვენი ვაზის გარეშე წარმოუდგენელია, ეს ქვაკუთხედია ჩვენი კულტურის. მაშინ მე აღვნიშნე, რომ როდესაც წინა ხელისუფლება ვაზს ჩეხავდა, მაშინ ბატონი ბიძინა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა უნიკალურ ნერგებს, ჯიშებს. ვაზს ქართველისთვის რამხელა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს, თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ.

თქვენ ასევე კარგად იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, “ქართუ ფონდი” რამხელა ძალისხმევას ახმარს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნების საშვილიშვილო საქმეს. ჩემთვის ყველა ადამიანი, რომელიც ასე თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიას და იმ ძეგლებს, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩემთვის არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი”,– თქვა ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს პირველად 2019 წლის 29 დეკემბერს შეადარა.