მკაფიო პოზიციას მკაფიო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, ჯერ ეს არ გვინახავს – ბოკერია ზურაბიშვილზე

”მკაფიო პოზიციას მკაფიო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჯერ ეს არ გვინახავს” –  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

“საქართველოში ვითარება იმ საზღვარს გაცდა, როდესაც მიკიბ-მოკიბვით საუბარი რაიმეს მომტანი იყოს. აქ არის ძალიან კონკრეტული ვითარება. თუ გარე საფრთხე ჩვენი მომავლისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის არის პუტინის ბოროტების იმპერია, ჩვენ შიგნით, ჩვენი ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსეული ცხოვრების, ამ ჭაობიდან ამოსვლის მთავარი ბარიერი, პრობლემა და საფრთხე არის ივანიშვილი თავის გარემოცვასთან ერთად. ეს არის ძალიან მკაფიო ვითარება.

თუ ამაზე პირდაპირ და გარკვევით არ საუბრობ, ზოგადი საუბარი არაფრის მომტანი არაა. მერე რაც მთავარია, მკაფიო პოზიციას მკაფიო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჯერ ჩვენ ეს არ გვინახავს. აკეთებს ხოლმე რაღაც მინიშნებებს და შემდეგ მისი მხრიდან საპირისპირო მინიშნებებიც მოჰყვება ხოლმე.

ჩვენ გვახსოვს მისი ნორმალური გზავნილი ხელისუფლების სამარცხვინო, პუტინისტურ პროპაგანდასთან მიმართებაში რუსეთის უკრაინაში აგრესიის საკითხზე, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მან „ქართული ოცნება“ დაიცვა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენო, ამიტომ სანამ არ ვნახავთ, რომ მისი პოზიცია მკაფიო, თანმიმდევრული გახდა და მერე ამას ამ რეჟიმის მიმართ ნაბიჯები მოჰყვა, რაც მას ნებისმიერი მიმართულებით ხელეწიფება, მაგალითად, პოლიტიკურად დევნილი გვარამიას, ან სხვების შეწყალება, ასევე, სხვა საკითხებშიც ნაბიჯები, აზრი არ აქვს.