ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერზე“.
“ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განჩინების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება,“- ნათქვამია ესტონეთი საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული.
ესტონეთი საგარეო უწყება ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებასაც აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).