მკაცრი “ლოკდაუნი” ქვეყნის მასშტაბით ვერ მოხდება, ლოკალურად შეიძლება იყოს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულირებაა, რაც საყურადღებოა.

“რადგან მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიკური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ”,- ამბობს გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, მკაცრი ჩაკეტვები ქვეყნის მასშტაბით აღარ იქნება, თუმცა შესაძლოა ლოკალურ დონეზე განხორციელდეს.

“შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მკაცრი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 57 შემთხვევა დაფიქსრიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.