მმართველი პარტია თხზავს ტყუილებს და არწმუნებს მხარდამჭერებს, რომ ჯანზეა – გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქართული ოცნება “ტყუილებს თხზავს” და ცდილობს, მხარდამჭერები დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ “ჯანზეა”.

“მმართველი პარტია იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, მერე ამ ტყუილს ავრცელებს კონტროლირებადი მედიასშუალებებით, შემდგომით მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას. დღეს არის დაგეგმილი კამპანია იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები დაარწმუნოს იმაში, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა.

ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას. როდესაც ხელისუფლება შეთხზული ტყუილებით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება და ძალაუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ ჩვენს პარტიას ჰყავს ყველაზე განათლებული, კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა და ყველაზე ეფექტიანი ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება”,– ამბობს გახარია.