“გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა 1 წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია – რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში. და ეს ევროპარლამენტის ყველა პარტიას ეხებოდა.
ოპოზიცია, თავის მხრივ, მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი, ის სამუშაო, რაც ევალებოდა, ამ პარტიას არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს ამჟამად.
საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი, რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს არც ჯერ გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს.
სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ რითომცდა უკვე იყოს დაწესებული რამე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა. და ვინც ყველაფერი არ ეცადა რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და ამ მთავორბის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან”
ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.