Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის, განცხადებით, თბილისის მერიამ ანძის ცისარტყელის ფერებში განათებაზე უარის თქმით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილის გაშვების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.
“ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაც აბსურდული დღე გამოიგონეს. 18 მაისსაა თურქმენეთის ეროვნული დღე და კარგად უნდა მოეძებნათ, ალბათ, თბილისის მერიის თანამშრომლებს. შეეძლოთ, ნორვეგიის კონსტიტუციის დღე მაინც ეთქვათ და არა – ეს სრულიად გამოგონილი დღე. სამწუხაროა, რომ მათ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაეკეთებინათ ამ ქვეყანაში და ერთი ნაბიჯი გადაედგათ წინ. სამწუხაროდ, ეს შანსი კახა კალაძემ გაუშვა”, – ამბობს თაბაგარი.
რამდენიმე დღის წინ Tbilisi Pride-მა თბილისის მერს 17 მაისს ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. მერიამ განმარტა, რომ თურქმენეთისგან ანძის განათებასთან დაკავშირებით წერილი მიიღეს და ვერ გამოტოვებენ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.