მობილიზებულთა დეზერტირობის თავიდან ასაცილებლად ბახმუტში 200 ჩეჩენი გაგზავნეს–უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დილის ანგარიშში იუწყება, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იძულებითი მობილიზაცია გრძელდება.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23 თებერვალს ბახმუტის მიმართულებით ახმატის სპეცდანიშნულების პოლიციის პოლკის 200-მდე პოლიციელი ჩაიყვანეს. ეს გაკეთდა ფრონტიდან მობილიზებულთა შესაძლო დეზერტირობის ან დივერსიის თავიდან ასაცილებლად, ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

ზოგადად ფრონტის ამ სექტორზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება, რომ ბოლო დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა რამდენიმე წარუმატებელი შეტევა წამოიწვეს დონეცკის ოლქის ბერხოვსკის, ივანოვსკის და სევერნაიას დასახლებებთან. გარდა ამისა, ცეცხლის ქვეშ მოექცა კიდევ 16 დასახლება, მათ შორის თავად ბახმუტიც, რომლის აღებას რუსული ჯარები მრავალი თვის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსი დამპყრობლები ჩხრეკენ სახლებს და ართმევენ ნავებს და სხვა წყალზე საცურავ მოწყობილობებს. დღევანდელი მოხსენების თანახმად ადრე ასეთი ქმედებები ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან რუსული ჯარების გაყვანამდე და დივერსიული ოპერაციებისთვის ხდებოდა.