ჩინურმა ტექნიკის მწარმოებელმა Huawei–მ რუსეთში სატელეკომუნიკაციო აპარატურის შეტანა შეწყვიტა და რუსული კომპანიები მასთან კავშირის დამყარებას ვეღარ ახერხებენ, რადგან ის შეტყობინებებს აღარ პასუხობს. ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი წერს.
რუსეთის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ თათბირი ჩაატარა მობილური კავშირის უმსხვილეს ოპერატორებთან – მეგაფონთან, როსტელკომთან, ვიმპელკომთან, МТС–თან დაTele2–თან . თათბირზე განიხილეს, რა მოუხერხონ უცხოურ კომპანიებს, Nokia–ს, Ericsson–ს და Huawei–ს, რომლებმაც რუსეთში საკუთარი ტექნიკის გაყიდვა შეწყვიტეს. ყველაზე მეტად ჩინოვნიკებს Huawei–ს პოზიცია აშფოთებთ, რომელსაც მიწოდების შეწყვეტის შესახებ ღიად არ განუცხადებია, თუმცა ფაქტიურად მიწოდება შეწყვიტა.
შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილის თქმით, უწყებამ რუსულ კომპანიებთან ერთად განიხილა მომწოდებლების მსხვილი თანხების მოთხოვნით სასამართლო დავებით დაშინების ვარიანტი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო. მათ იმედი აქვთ, რომ რუსი ოპერატორების მხრიდან ერთობლივი შეტევა კომპანიებს აიძულებს გადაწყვეტილებას გადახედონ.
ზოგიერთმა რუსულმა ორგანიზაციამ უკვე შეიტანა სარჩელები საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლებშიც ითხოვს უცხოელი პარტნიორები აიძულონ ვალდებულებები შეასრულონ. მაგალითად, 11 აპრილს რუსეთში ინტეგრატორ ტალმერის მოთოვნით სასამართლომ დააპატიმრე 778 მილიონი რუბლის აქტივები ამერიკელი მწარმოებლის, Dell–ის ანგარიშზე. ამ საქმეში მესამე პირად მეგაფონია ჩართული. მაისში ანალოგიური შეზღუდვის მიღწევას შეეცადა Tele2, თუმცა მოსკოვის სასამართლომ უარი თქვა დეპატიმრებინა 478 მილიონი რუბლი Nokia–ს რუსული ქვეგანყოფილების ანგარიშზე, რადგან ამის საფუძველი ვერ დაინახა.
რუსი იურისტები ამბობენ, რომ რუსული სასამართლოები როგორც წესი, არ ჩქარობენ უზრუნველყოფის ღონისძიებების შემოღებას, თუმცა კომპანიების რუსეთიდან მასობრივად წასვლის კვალდაკვალ მათი პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. ამის მიუხედავად, მოსარჩელეებს ყოველ ჯერზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთება მოუწევთ.
მსხვილი მიმწოდებელი კომპანიის ტოპ მენეჯერი მედიას ეუბნება, რომ მობილური კავშირის საბაზო სადგურების ჩინელი მწარმოებლები თავად ცდილობენ გაერკვნენ, როგორ იმუშაონ რუსულ ბაზარზე, თუმცა ამისთვის დრო ჭირდებათ. მისი თქმით, Huawei ზუსტი პასუხის გაცემას მხოლოდ ჩინეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ შეძლებს. სასამართლო დავების წამოწყებით და პროცესის დაჩქარებით კი რუსეთმა მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება ავნოს – სასამართლოში რამდენიმე მილიონი მოიგოს და საბოლოოდ ტექნოლოგიების და აღჭურვილობის გარეშე დარჩეს.
რუსული მედია წერს, რომ სათადარიგო ვარიანტად რუსეთში ნახმარი უცხოური აპარატურის ყიდვას განიხილავენ, თუმცა შესაბამისი ტექნიკის მოძებნა, რომელიც რუსულ ქსელებზე მუშაობას შეძლებს რთულია. თუ პრობლემა ზაფხულის ბოლომდე არ მოგვარდება, ქვეყანაში შეიძლება საკომუნიკაციო ქსელების პრობლემები დაიწყოს.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჩინურმა კომპანიებმაც თანდათანობით დაწყეს რუსეთში ბიზნესის შეჩერება. სანქციების გამო რუსულ ბაზარზე ექსპორტის მოცულობა 27%–ით შემცირდა. მიმწოდებლებს შორის, ვინც რუსული ბაზრიდან გავიდა არიან: Lenovo Group, Xiaomi, DJI Technology. Huawei Technologies–მა კი რუსეთში სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ბოლო პარტია 2022 წლის მარტში შეიტანა.
რუსეთში საკუთარი სმარტფონების ექსპორტი შეწყვიტეს ჩინურმა ბრენდებმა Oppo და Vivo. რუსეთისთვის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური სანქციების დაწესების შემდეგ რუსულმა კომპანიებმა ძველებური, “ღილაკებიანი“ ტელეფონების შესყიდვა დაიწყეს.