კრემლის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. პუტინი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ 23 მარტს აიცრებოდა. ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობისთვის არ უჩვენებიათ და არც ის უთქვამთ, თუ რომელი ვაქცინით აიცრა რუსეთის პრეზიდენტი.
სამშაბათს საღამოს კრემლმა განცხადება გაავრცელა, რომ პუტინი აცრია, თავს კარგად გრძნობს და დღეიდან სრულფასოვანი სამუშაო დღე ექნება.
პუტინის აცრის შესახებ ინფორმაცია ტვიტერში რუსული ვაქცინის, “Спутник V”–ს გვერდზეც გამოჩნდა, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი ვაქცინით აიცრა პრეზიდენტი.
მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით ვაქცინაციის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა არ გავრცელებულა.
პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა წინასწარვე განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობა ვიზუალურად ვერ ნახავდა იმას, თუ როგორ აიცრებოდა მათი პრეზიდენტი.
“მოგიწევთ სიტყვაზე გვენდოთ“ – უთხრა მან ჟურნალისტებს.
პესკოვი ამბობს, რომ პუტინი ისედაც ბევრს აკეთებს ვაქცინის პროპაგანდისთვის, რაც შეეხება კამერების თვალწლინ აცრას, ეს მას არ მოსწონს და არ ემხრობა.
რუსეთში ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თა და CoviVac-ით მიმდინარეობს.