მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ ორგანიზაციაზე თავდასხმები – ISFED “ქართულ ოცნებას”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ზეწოლად აფასებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე.

“კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის  ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს”,- აცხადებს ISFED.

ორგანიზაციის განმარტებით, ისინი ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებენ ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით,  პროცესი კი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან.

“მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება”,- წერის ISFED-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს  მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ.