მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებონ მასზე დებატებს და მთავარ თემას მიხედონ.

“მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას.

მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში. მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის”. – წერს სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

სააკაშვილი ამ განცხადებით TV პირველის ეთერში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმიანება. ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას ენმ–ს წევრი გიორგი ბარამიძე ოპოზიციური პარტიის წევრებს დაუპირისპირდა. დაპირისპირება მოჰყვა ალეკო ელისაშვილის მიერ აქციაზე ნათქვამ სიტყვებს: “სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს”.