თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ კვირაში რამდენჯერმე უწევს მედიასთან კომუნიკაცია, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება, რომელიც მერიისა და გამგეობების ღონისძიებებზე მიდის, არ აშუქებს მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას.
კალაძის თქმით, ამის გამო “მოუწევთ კონკრეტული ზომების მიღება”.
“გიწვევთ იმისთვის, გეძახით იმისთვის, რომ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით… ეს შეიძლება იყოს ხიდის მშენებლობა, გზის მოწესრიგება, სოციალური პროგრამა. მიზანმიმართულად ხდება ამ ინფორმაციის არგავრცელება საინფორმაციოში.
არ იფიქროთ, რომ ვინმეს სარედაქციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაცა წესი, ჩარჩოები ხო არსებობს, არა?! მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან მიმართებაში – სვამთ კითხვებს სხვადასხვა თემებზე და ვცდილობ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ… შეიძლება როდესაც ვიკრიბებით კონკრეტულ საქმესთან, თქვენი შეკითხვა არსებულ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე როგორც ქალაქის მერი, ვალდებული ვარ, კომფორტი შეგიქმნათ და გიპასუხოთ, მაგრამ როდესაც არ ხდება იმ კონკრეტული ღონისძიების გაშუქება, ძალიან ცუდია.
ასე რომ, თუ ეს გაგრძელდება, ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს. არ მსიამოვნებს ეს, უბრალოდ ცუდია…”, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.