ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით! – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
„ორი ძირითადი საკითხია, რომელზეც დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ ხელისუფლება ბოლომდე გავიდა გონს, გავიდა რაციონალიზმის საზღვრებიდან და ნიკა მელიას დაპატიმრები გადაწყვეტილება მიიღო, მისი პოზიცია საზოგადოებამ იცის და პოლიტიკური ოპოზიციის პოზიციაც ასეთია – ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მას მოუწევს ფიზიკურად ბევრი ადამიანის დაპატიმრება, სანამ ამ უგუნურ საწადელს მიაღწევს. ასევე, ხელისუფლებამ იცოდეს, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით. ხელისუფლება კანონის ფარგლებიდან გავიდა, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთო, ხელისუფლება გვეუბნება, მე მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ. მე, საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავას მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და ძალადობს, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ეს აბსოლუტურად კანონიერია, ეფუძნება კონსტიტუციას, უკანონო არის გავრილოვის ხარკის გადახდა, გირაოს დაწესება, 20 ივნისის გამოძიება, იმიტომ, რომ გამოსაძიებელი არის ივანიშვილის მონაწილეობა, გახარიას მონაწილეობა, მათი მონაწილეობა, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა და ამ ფონზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ გავრილოვს გადაუხადეთ ხარკიო. გავრილოვს ქართველი, თავისუფალი საზოგადოების მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ასე ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და ვიბრძოლებთ“, – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.