“მოვედით იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ რურუა” – ოპოზიციის ნაწილი პარლამენტშია

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. ლელოს ერთ–ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში გიორგი რურუას გასათავისუფლად მივიდნენ.

“დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა. მოვედით დღეს იმისთვის, რომ დავრეგისტრირდეთ და ამით გავათავისუფლოთ 1 ადამიანი ციხიდან და დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ გამოვიყვანოთ მეორე ადამიანი [ნიკა მელია] ციხიდან. არცერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ძალიან კარგია, რომ ნიკა მელია თანახმაა, რომ ევროკავშირის მიერ უპრეცედენტო შეთავაზება გამოყენებული იქნას. მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ ეს მექანიზმი ამუშავდება და ნიკა გამოვა”,– თქვა ჯაფარიძემ პარლამენტში.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, დღეს რურუა გათავისუფლდება, რის შემდეგაც საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდება.

“ჩვენ დღეს ვიწყებთ ევროკავშირის შეთანხმების განხორციელებას. ამიტომ ჩვენ დღეს დავრეგისტრირდებით პარლამენტში, რის შედეგადაც გათავისუფლდება გიორგი რურუა. ამის შემდეგ, მე ვაპირებ, რომ დღეს ან ხვალ, მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე. ჩემი დიდი სურვილია, რომ აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელიაც შეხვდეს საკუთარ ოჯახთან. ამის შემდეგ, როცა მელია იმედი მაქვს გათავისუფლდება, ენმ მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. მინდა გამოვთქვა სურვილი და იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში”,– თქვა სამადაშვილმა.