“მე არ მოვსულვარ თქვენს შესაწუხებლად ან “გამოსასწორებლად” როგორც ამას ვარაუდობთ ამ კომენტარში ბატონო ვარლამ, მე მოვედი ისე, როგორი ფორმითაც ვარსებობდი აქამდე საჯარო სივრცეში, და მოვედი მხარდასაჭერად”- ამის შესახებ, მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე ბარკერი, სოციალურ ქსელში წერს, რითიც “რიონის ხეობის მცველების” აქციაზე, ალექსანდრე ფალავანდიშვილის მიერ, თავდასხმას ეხმაურება. გუშინ 24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე, ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე, სალომე ბარკერს, გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა და ლგბტქ სამკლაურის მოხსნა მოსთხოვა რაზეც სალომე ბარკერმა უარი განაცხადა, ამის შემდეგ კი სალომე ბარკერს აქცია დაატოვებინეს.
”საერთოდ არანაირი ინტერესი არ მაქვს ამ ადამიანს ჩავაბჟირდე რამეზე. პირიქით, ჩემმა მეგობრებმაც იციან რამდენად ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ვიცი რა რთულია უამრავი ადამიანის გაერთიანება ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო და რა გამალებული პროპაგანდა მოსდევს ანტისახელისუფლებო პროტესტს პაკეტში. არც ყველას გამოხტომის წინასწარი კონტროლია მისი ვალდებულება, და არც არავისთვის მითხოვია მაინცდამაინც ბოდიში მომიხადონ. საერთოდ, არც მცველებისთვის დამიბრალებია რამე და ბოლომდე წყნარად ველოდები შეწუხების მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ არ ჩანს ეს წუხილი, რაც თავისთავად არის სამწუხარო და ამას ვერაფერს ვუშველი.
მეორე დღეა მე მბრალდება თავდასხმის მობილიზება, ეს მიუღებელია. ახლა თუ ვერ ხვდებით რატომ, ოდესმე მიხვდებით. ჩაბჟირებას მართლა არ ვაპირებ.
სირცხვილიას აქციებზეც მომხდარა არაერთი მართლა ხელოვნურად დადგმული პროვოკაცია, იმედის და პოსტივის კამერების ტრაექტორიით რომ ვცნობდით ხოლმე. პირადად მყავს გაცილებული ყველა აგრესორი, პოლიციის თანხლებით (და არა ისე, ჯიკავ-ჯიკავით რომ გამოგვყარეს გუშინ და ლამის დაგვაკავეს ბარემ საშუალება იყო და) და პირადად მაქვს ყველასთან ნასაუბრები, ვინ რატომ ვერ მოხვდებოდა სცენაზე (ჩვენთან ძირითადად ამ მიზნით მოდიოდნენ ხოლმე და მაგალითად 50 წლის მთვრალი ხალხი მიმტკიცებდა, რომ სტუდენტური ხმა უნდა გააჟღეროს და აშ) და ვიცი რომ არანაირად არ არის შეუძლებელი სამასკაციან აქციაზე, (რამდენი ხალხიც იმ დროს იყო როცა მივედით) სადაც ვიღაცებს ჩოჩქოლით აცილებენ, გაერკვიო რა ხდება სანამ ტაშს დაუკრავ და სწრაფი რეაგირება თუ არ გაქვს, მეორე დღემდე მაინც რამენაირად გაიგო რა მოხდა.
ძალიან კარგად იცის ყველა ორგანიზატორმა, რომ მე იქ არც დროშა მიქნევია და არც ვინმე გამიღიზიანებია, გარდა ისედაც მუდმივად გაღიზიანებული და შარზე მყოფი ჯგუფისა, რომელიც ჩემს მოკლე შორტებზეც ისევე გაღიზიანდა როგორც სამკლაურზე და ზოგადად ჩემს არსებობაზე. ვწუხვარ მომხდარის გამო, მრავალფეროვანი უნდა იყოს პროტესტი, თუ წარმატება გვინდა. არავინ ითხოვდა თქვენი მოთხოვნების შეცვლას ან რამე განსაკუთრებულ ყურადღებას, მე არ მოვსულვარ თქვენს შესაწუხებლად ან “გამოსასწორებლად” როგორც ამას ვარაუდობთ ამ კომენტარში ბატონო ვარლამ, მე მოვედი ისე, როგორი ფორმითაც ვარსებობდი აქამდე საჯარო სივრცეში, და მოვედი მხარდასაჭერად. ვწუხვარ, ფალავანდიშვილები თქვენ გაზიანებთ და ამის მიხვედრა არ არის რთული, თუ გსურთ. როცა ინებებთ. ცხადია.
წარმატებები საქმეში. მეტს ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი, სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც არსებობს.
და ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და მოწერილი თბილი სიტყვებისთვის, რაც არ დაიშურეთ ჩემდამი, ყველას გიმახსოვრებთ. “- წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.
სალომე ბარკერი ამბობს, რომ მას სამკლავური 2019 წლიდან მუდმივად უკეთია და აქციაზეც, სადაც 12 საათისთვის მივიდა, სხვა არაერთი ადამიანი იყო სხვადასხვა სიმბოლიკით (ჯვრები, დროშები და სხვა).