მოვიდა პიკი და გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, ჯერჯერობით ვუმკლავდებით – ტურძელაძე

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ პიკში შევდივართ, ამიტომ გაიზარდა პაცინტების რაოდენობა. მისი განცხადებით, ჯერჯერობით ჰოსპიტალური რესურსი ჰყოფნის პაციენტებს, თუმცა თუ მათი რაოდენობა გაიზრდება, შეიძლება უსიმპტომო პაციენტებმა სახლში, თვითიზოლაციაში იმკურნალონ.

,,ჯერჯერობით ვყოფნით პაციენტებს. ჩვენ და სხვა კლინიკებიც, ყველანი ჩართულები ვართ. მგონი კიდევ ახალი კლინიკების ჩართვაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ პიკში შევდივართ. მე ასე მგონია, ასე ვფიქრობდი, რომ თვის ბოლოსკენ, მაისის პირველ რიცხვებში პიკი იქნებოდა და მგონი შევდივართ ამ პიკში.

29 პაციენტი იყო გუშინ, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. იმიტომ რომ წინა დღეებში 5-10 პაციენტი იყო და ცოტა გახარებულები ვიყავით, მაგრამ მოვიდა პიკი და გაიზარდა პაციენტების რაოდენობაც. ჯერჯერობით ამას ვუმკლავდებით და თუკი ვეღარ იქნება საკმარისი საწოლები, იმ პაციენტებს, რომლებსაც მარტო დადასტურებული კორონავირუსი აქვთ და მეტი არავითარი სიმპტომი არ აქვთ, ამ პაციენტების სახლში, თვითიზოლაციაში ყოფნა აბსოლუტურად შესაძლებელია”,- ამბობს ლალი ტურძელაძე.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 29 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 485-ს მიაღწია. ასევე, დღეს COVID-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი