მოვითხოვთ, მინიმუმ 6 თვით კიდევ გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილს მიმართავს და საშემოსავლო გადასახადის გადახდის მინიმუმ 6 თვით გადავადებას ითხოვს.

“მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადების სრულად გადახდა, რაც არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ მინიმუმ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, როგორიც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში”,– ამბობს ვაშაძე ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, ეკონომიკაში არაფერი გაუმჯობესებულა იმისთვის, რომ შეღავათები მოიხსნას.

“მნიშვნელოვანია, რომ დროული გადაწყვეტილება იყოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მხრიდან, რომ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და ეს შეღავათები კვლავ გავრცელდეს იმ კატეგორიაზე, ვისზეც ამ 1 წლის მანძილზე ვრცელდებოდა. რატომ იგვიანებთ, რატომ არ აკეთებთ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და წარმოუდგენელია. უმძიმესი პირობებია ქვეყანაში“,- განაცხადა ვაშაძემ.