მოვითხოვთ პატიმრობის ძალაში დატოვებას, რადგან გამოძიებასთან არ თანაშრომლობენ – პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირზე

მცხეთის საქალაქო სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, 11 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. დღეს გაირკვევა, ისევ პატიმრობაში დატოვებს მოსამართლე მათ თუ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას.

ცნობილია, რომ ოთხი დაკავებულის – თენგო ბარბაქაძის, საბა ჩხარტიშვილის, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. მათი თქმით, არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ მართალია იგი აპირებს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობიდან გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დატოვებას, მაგრამ არაფრის იმედი აქვს.

”ჩვენი შუამდგომლობა რომ დაკმაყოფილდეს, სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს სხვადასხვა მარწუხებისგან, ზეგავლენებისგან, რაც სახეზე არ არის”, – ამბობს ფოფხაძე.

პროკურატურის წარმომადგენელთა მტკიცებით, დაკავებულთა მიმალვისა და მათ მიერ მტკიცებულებების რისკი არსებობს, რადგან არც ერთი მათგანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია საქმეში არსებულ მასალებს არ შეესაბამება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.