მოვითხოვთ, რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მორგან ორტაგუსი რუსეთს მოუწოდებს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ძალები.

„აშშ გმობს რუსეთის ძალების მიერ ბორდერიზაციის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები და საშუალება მისცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავ გადაადგილებას“, — წერს ტვიტერზე ორტაგუსი და აშშ-ს საელჩოს განცხადებას აზიარებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციასა და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი.

აშშ-ის საელჩომ განცხადება 27 მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს მოთხოვნაა, რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.