საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს”,- წერენ ორგანიზაციები.
ხელმომწერების ცნობით, ამ დრომდე სომხეთში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევები 12,000-ს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 170-ს გადააჭარბა. ორგანიზაციების განცხადებით, 24 მაისს 186 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან დაკავებული 154 იყო, პირველ ინვისსს კი მძიმე შემთხვევების რაოდენობამ 440-ს მიაღწია.
ისინი ვარაუდობენ, რომ მძიმე პაციენტთა რაოდენობა მატებას განაგრძობს, რადგან ბოლო დღეების მანძილზე სომხეთში ჩატარებულ ტესტთა 35-50% პოზიტიურია, რაც კორონავირუსის მოსახლეობაში გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელზე მიუთითებს.
“ამის პარალელურად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახერხებს როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის კონტროლს, ისე ინფიცირებულთა ეფექტურ მკურნალობას. ჯანდაცვის მინისტრისა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოში არსებულ მარაგებსა და სამედიცინო რესურსებზე გვაფიქრებს, რომ ფართომასშტაბიანი რისკების თავიდან აცილების დათქმით, საქართველსო ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა შეუძლია.
ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერის აღმოჩენა ჩვენი მეზობელი ხალხისთვის და ქვეყნებისთვის სომხეთთან კეთილმეზობლობის დადასტურება, ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის მეგობრობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”,- წერენ საზოგადოებირივი ორგანიზაციები.
ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, საკუთარი მანდატისა და რესურსების ფარგლებში, კოლეგებს საჭირო მხარდაჭერა გაუწიონ.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- თანასწორობის მოძრაობა
- კავშირი საფარი
- პლატფორმა სალამი (Salam)