“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმიანება თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
“„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, მიერ პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, რითაც წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილური ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რის შემდეგაც, გვარამიას თქმით, მასთან ბევრი უცნობი ზარი შედის.
საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია.
ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე, წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს.
საჯარო პირი და მითუმეტეს, პარლამენტარი, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონმდებლობას, ბოროტად არ უნდა იყენებდეს საჯარო ტრიბუნას და არ ახალისებდეს საზოგადოებაში დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას ახალისებს. გასულ წელს, ომბუდსმენის თქმით, წულუკიანმა პატიმრებთან მისი კონფიდენციალური ვიზიტი უკანონოდ გაასაჯაროვა.
მოვუწოდებთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა.”, – წერია განცხადებაში.