“აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან”,– ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომიდან მე–12 წლისთავს.
უწყების განცხადებით, სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას..
“მეტიც, რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ. შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიური ხასიათი მიიღო საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებამ, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები და გატაცებები”,– წერს საგარეო.
მათი განცხადებით, მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ. შეშფოთებას იწვევს, რომ მოსკოვის დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი ლუგარის სახელობის საქართველოს ჯანდაცვის ლაბორატორიასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი გახდა.
სამინისტროს თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა, კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.
“დ.ბაშარულის, გ.ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი, კიდევ უფრო ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლიერია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისთვის და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება”. – აცხადებს საგარეო უწყება.
სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.