” მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი,” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
„მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.