მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. – ამის შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართვაშია ნათქვამი.
„სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს.
ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.
ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს.
სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს.
მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები, კერძოდ: მაგალითისათვის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი; 82 პროცენტიდან 51 პროცენტამდე შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 48 პროცენტიდან 75 პროცენტამდე გაიზარდა კერძო პირთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი საგადასახადო დავების მაჩვენებელი; 17 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა სახდელდადებულ პირთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; მკვეთრად (რამდენჯერმე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და ა.შ.;
IPSOS France-ის, Amicus Curiae-ს და პროფესორ იან ვან დაიკის მიერ 2018 წლის მიწურულს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოიკვეთა სასამართლო რეფორმების სამივე ეტაპის შედეგების საზოგადოებრივი აღქმის დადებითი ტენდენციები. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დადებითად შეაფასა, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევრობარომეტრის 2018 წლის კვლევის საშუალო მონაცემს (52%) შეესატყვისება და ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში (ხორვატია, სლოვენია, ბულგარეთი და სხვ.) გამოვლენილ შედეგებს (23-30%) მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია, რომ კვლევის გამოქვეყნების მომენტში, IPSOS France მსოფლიოს საუკეთესო კვლევითი ორგანიზაციების სამეულში შედიოდა;
2021 წლის მარტში გამოქვეყნდა ,,ჰერითიჯის ფონდის“ კვლევა, რომლის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და „უმეტესად თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველო ევროპის რეგიონში 45 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა;
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი კონტრაქტის აღსრულებისა და სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსში დადებითმა შეფასებამ შეასრულა;
აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ყველაზე აქტიური შეტევის ფონზე, ამა წლის ივნისში კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (რომელშიც შედიოდნენ გაეროს ინიციატივით დაფუძნებული კვლევითი ორგანიზცია ,,Sustainable Development Solutions Network”-ის ექპერტებიც) მიერ მომზადებული 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველო მართლმსაჯულებაზე წვდომის თვალსაზრისით ევროპის ქვეყნების ოცეულში შევიდა.
მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული, მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია, რომელშიც ჩართული არიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათი გავლენის ქვეშ მოქმედი მედიასაშუალებები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კამპანია წარმოებს საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით, მათ შორის სასამართლოს წინააღმდეგ ხელოვნური იარლიყების გამოგონებით. ვხედავთ მცდელობას, მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია ისეთი ფორმებით (სატელევიზიო კლიპებისა და ფილმების ჩათვლით), რომელთა სასამართლოს წინააღმდეგ გამოყენება ყოვლად გაუგონარი მოვლენაა და გონივრულობისა და ეთიკურობის ყოველგვარ ზღვარს სცდება. არც ერთი ეს კამპანია არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას, რომ სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების რეალიზების თვალსაზრისით, საქართველოში რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს.
ჩვენ, მოსამართლეები, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. თუმცა, არავის აქვს უფლება, ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს, რისი მნიშვნელობაც, ჩვენ, მოსამართლეებს ყველაზე უკეთ გვესმის.
ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია მოსამართლეთა ერთობლივ მიმართვაში.