“მოვუწოდებთ შსს-ს დროულად გამოიძიოს „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი”- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინიტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ფორმულას თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.
ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტთა თავდასხმის ფაქტები, რასაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ერთი მხრივ, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას უკავშირებს.
2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.
2021 წლის 6 მარტს მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი, მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს.
2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ კვირას გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა თავდასხმისა და ქონების დაზიანების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.