მოვუწოდებ მერიას, მოვაჭრეებს ნუღარ აწამებთ, დაითვალეთ ზარალი და აუნაზღაურეთ – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მთავრობას მოუწოდებს, ვარკეთილში ხანძრის ზარალი დაითვალონ და მოვაჭრეებს აუნაზღაურონ.

ხაბეიშვილის თქმით, ბევრი არგუმენტი არ არსებობს, რის გამოც ბაზრის შემთხვევით დაწვა შეიძლება დაიჯერონ.

„რომ გვინდოდეს დავიჯეროთ, რომ ბაზრობა შემთხვევით დაიწვა, ამის ფიქრის საფუძველს არ გვაძლევს ბევრი არგუმენტი. 20-მდე ბაზარი დაიწვა და არცერთი საქმე აქამდე გამოძიებული არ არის. მუდმივად გვეუბნებიან, დაველოდოთ გამოძიებას და ამასობაში ადამიანები გაჭირვებაში ცხოვრობენ. დაზღვევის დამატებითი გადასახადი ამ ხალხმა არ უნდა გადაიხადოს, ისედაც ძალიან დიდ გადასახადებს იხდიან. ადმინისტრაცია გადასახადის ამოღების დროს, დასუფთავების თანხის ამოღების დროს მაგარი ბიჭია და ამ ხალხს დაახრჩობს ერთი წამით რომ გადააცილოს გადასახადი. მოვუწოდებ დედაქალაქის მერიას და ხელისუფლებას, ამ გაუბედურებულ ადამიანებს ნუღარ აწამებთ, სასამართლოებში და აქციებზე ნუღარ ატარებთ, დაითვალეთ ზარალი და აუნაზღაურეთ თავიდან ბოლომდე,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ჯავახეთის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია და სავალი ნაწილი მალევე დაატოვებინა. დაზარალებულები თბილისის მერიისგან და მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.