ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისგან.
“მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესითა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან. ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას.
მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას”- ნათქვამია კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ მოამზადა. ცვლილებები ითვალისწინებს აღნიშნული უწყების 2 ნაწილად გაყოფას. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან თავისივე სამსახურის გაუქმების შესახებ მედიიდან შეიტყო. ის ამ კანონპროექტს დამოუკიდებელი ინსტიტუტის დასჯად აფასებს.